ოზურგეთის თეატრში 2016 წლის ივლისში შედგა გიზო ჟორდანიას სპექტაკლის

“ბოშები” პრემიერა, რომელიც ამ სახელოვანი რეჟისორის უკანაკსნელი ნამუშევარი აღმოჩნდა. თეატრი “ბოშებს” 12 ოქტომბერს, 17 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარმოადგენს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის თქმით სპექტაკლის ჩვენება გიზო ჟორდანიას ხსოვნას ეძღვნება. ოზურგეთის თეატრი “ბოშებს” მთელ საქართველოს უჩვენებს და ეს თეატრის მხრიდან მადლიერების გამოხატვაც არის რეჟისორ გიზო ჟორდანიას ხსოვნისადმი:  “თბილისშიც, საერთაშორისო ფესტივალებზეც, საქართველოს ყველა კუთხეში ვითამაშებთ დუმბაძის “ბოშების” ჟორდანიასეულ ინტერპრეტაციას. გიზო ჟორდანია იყო მშვენება ჩვენი ფესტივალის, რომელიც შარშან პირველად გაიმართა. ოზურგეთის თეატრში ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა ბატონი გიზოს რეპეტიციები, იგივე მასტერ კლასები, რომელსაც მსხიობებთან ერთად დირექცია, შემოქმედებით-ტექნიკური პერსონალი, ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა სიამოვნებით ადევნებდა თვალს. თეატრი მადლობელია მისი თანადგომისა და მეგობრობის. მაესტროს დიდკაცობას, დიდ პროფესიონალიზმს და მისი ნათელი სულის ხსოვნას ვუძღვნით მის ბოლო პრემიერას.”

გიზო ჟორდანიას “ბოშების” პრემიერა ოზურგეთის თეატრის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, რითაც გაიხსნა კიდეც ფესტივალი.

სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ცნობილ კომპოზიტორს გომარ სიხარულიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის დასის თითქმის მთელი შემადგენლობა მონაწილეობს. სპექტაკლი აერთიანებს თეატრის ოთხივე თაობას. გიზო ჟორდანიას დადგმა გაჯერებულია მუსიკალური ფოლკლორითა და ნოდარ დუმბაძის მახვილგონივრული იუმორით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *