აწსუ-ში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან

155 წლისთავს კონფერენცია მიუძღვნეს. უნივერსიტეტის ლექტორებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე 5 მოხსენება წაიკითხეს. სამეცნიერო კონფერენციას ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.

“რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა მთელი ქალაქის მასშტაბით და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტიც ერთ-ერთი აქტიური აღმოჩნდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვუძღვნით კონფერენციას ამ უდიდეს პიროვნებას. ძალიან კარგია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სტუმრებმა და აკადემიურმა პერსონალმა, აგრეთვე ჩართულები იყვნენ სტუდენტები, რაც მათში ცნობიერების ამაღლებას და ამ პიროვნებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

სამეცნიერო კონფერენცია ფილმის პრემიერას ქუთაისში სპეციალურად დაამთხვიეს:

“დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისთავს. კონფერენცია სპეციალურად დავამთხვიეთ ფილმის საპრემიერო ჩვენებას ქუთაისში”,- განაცხადა ისტორიკოსმა სულხან კუპრაშვილმა რომლის მოხსენება ექვთიმეს ბიოგრაფიას ეხებოდა.

კონფერენციის გარდა, პრემიერამდე ფილმის გადამღებ ჯგუფს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში უმასპინძლეს, სადაც სკოლის მოსწავლეებმა ექვთიმეს შესახებ მცირე კომპოზიცია წარადგინეს.

პრემიერა “კინო ქუთაისში” 18 საათზე დაიწყება. ფილმის ჩვენებამდე პრემიერაზე მისულს მაყურებელს საშუალება ექნება ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ფოტო-კინო მატეანის მუზეუმის ერთობლივი გამოფენის “ძველი ქუთაისი” დათვალიერება შეეძლება.

“პრემიერაზე მისული მაყურებელი ფილმის დაწყებამდე 1900-1920 წლების ქუთაისის ისტორიის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს. სტუმრებს, ისევე როგორც მსოფლიო კინო პრემიერების დროს, მე-20 საუკუნის საქართველოში მეგზურობას  კოსტუმირებული პერსონაჟები გაუწევენ. პერფორმანსს ქუთაისის ახალგაზრდული დასის “მარჯანიშვილების” მსახიობები წარამოადგენენ”,- განაცხადა ქუთაისის მერიის ა(ა)იპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *