ახალგზარდა პოეტმა, ირაკლი ჯაფარიძემ მკითხველს

რიგით მეორე კრებული წარუდგინა. “ქვესკნელის ყვავილები, ანუ ლექსები არაფერზე” – ასე ჰქვია პოეტურ კრებულს, რომელიც ერთი პოემისა და ლექსების ხუთი ციკლისგან შედგება.

“ეს ლექსების ციკლი უსასრულობის თემის პოეტური ილუსტრაციაა. ბორხეს აქვს მოთხრობები, რომელსაც ასევე “ციკლი” ჰქვია . მეც ეს 21 ლექსიანი ციკლი ამ თემაზე ავაგე. მეორე ცილკია “ლექსები ყველაფერზე და არაფერზე”, აქ 10 ლექსია თავმოყრილი და მეათე ლექსია ბორის პასტრნაკის ერთი ცნობილი ლექსის “ზამთრის ღამის” მოდერნისტული ვარიანტი, მესამე ცილია “დრო მიხაკების” – ესაა წმინდა სიმბოლისტური ლექსები ციკლი. ესაა იმ გარდასული, თუნდაც ბიბლიური დროის გახსენებაა, რომელიც უკვე ავიწყების მორევში გადავიდა, მეოთხე ციკლია “შეხვედრის სევდიანი საღამო”, რომელიც ფაუსტურ თემაზე ავაგე და ბოლო არის ადრეული ლექსების ციკლი, რომელსაც “გრიგალთა შორის” დავარქვი.”- ამბობს ირაკლი ჯაფარიძე.

პოეტური კრებული გარდა ამ ხუთი ციკლის ლექსებისა პოემას “ქვესკნელის ყვავილები” შეიცავს. ავტორის შთაგონების წყარო რაინერ მარია რილკეს ცნობილი ლექსი გახდა. პოემა ლექსს არ იმეორებს, თუმცა მისი ცალკეული მონაკვეთები ახალგაზრდა პოეტის შთაგონების წყარო გახდა. პოემა სამი ნაწილისაგან შედგება და როგორც ავტორი ამბობს ეს პოეზიის ერთგვარი აბსტრაქციონიზმია.

“ირაკლი ჯაფარიძე ლექსებს იმ ყალიბში მოაქცევს, რომელიც ყველზე მეტად ცისფერყანწელებს მოუხდებოდათ. ავტორის ეს ლექსები, რომელიც ამ კონკრეტული წიგნისათვის შეიქმნა ან იქმნებოდა , ლექსის დაბრუნებას ჰგავს, რადგანაც რითმიანი ე.წ. კონვენციური ლექსის სიყვარული მარადიულია, ისევე როგორც ვერლიბრის, როგორც მარადწლოვან ბალახს ვერაფერი ამოძირკვავს პოეზიის მიწიდან.”- ეს მწერალ ნატა ვარადას მოსაზრებაა კრებულის წინასიტყვაობიდან.

რიგით მეორე პოეტური კრებული პრეზენტაციაზე მისულებს ავტორმა საჩუქრად გადასცა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *