ქუთაისის ოპერის თეატრმა საპრემიერო დადგმის შემდეგ

“რიგოლეტო” მესამედ წარადგინა. სცენაზე თავი ამჯერადაც ვარსკვლავებმა მოიყარეს. რიგოლეტოს როლი ევროპასა და ჩინეთში წარმატებით მოღვაწე ბარიტონმა ბაჩო ნაკაშიძემ შეასრულა.  ჯილდას როლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა ნინო ჩაჩუამ მოირგო.

მესამე საპრემიერო დადგმაში მონაწილეობდნენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები:მადალნა – ნუცა ზაქაიძე,  მანტუას ჰერცოგი – ბადრი ადამია, სპარაფუჩილე -კალისტრატე ხარჩილავა, ჯოვანა- ინგა ფუტკარაძე, გრაფი მონტერონე – ბაკურ კვირიკაშვილი, მარულო – ემილ ჩარგაზია, ბორსა – იაგო ბუხრიკიძე, გრაფი ჩეპრანო – გიორგი ხაჭაპურიძე, გრაფინია ჩეპრანო – სოფიო ბიბილეიშვილი, პაჟი – მარიეტა მაჩალაძე, მასხარა – ბელა მაჭავარიანი.

ტენორი ბადრი ადამია “რიგოლეტოს” სამივე დადგმაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ გადახალისებული შემადგენლობა მაყურებლისთვის საინტერესო და მომღერლისთვის განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

“მნიშვნელოვანი როლია. მადლობა ღმერთს, ჩემი პედაგოგების დამსახურებით დღეს ვდგავარ სცენაზე საოცნებო როლით. რაც შეეხება ამ წარმოდგენას.ყოველ ჯერზე სპექტაკლი უფრო მშვიდდება, გამოცდილებას იძენს მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ მესამე წარმოდგენაა, მაყურებლისათვის მოსაწყენი არ გამოდის, იმიტომ რომ შემადგენლობა გადახალისებულია. სცენაზე თავი განსხვავებული ხედვის მომღერლებმა მოიყარეს. ის, რომ შემადგენლობა იცვლება, მსახიობს ზრდაში ეხმარება. როგორც უკვე აღვნიშნე სხვადასხვა ხედვის მსახიობები არიან და როდესაც გიწევს მუდმივად განახლებად გარემოში ყოფნა ეს პროფესულ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.”- ამბობს ბადრი ადამია.

დირიჟორის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, ცდილობენ ქუთაისელ მსმენელს საინტერესო დადგმები შესთავაზონ და  რიგოლეტოს როლის საუკეთესო ქართველი შემსრულებლები ქუთაისში მოიწვიონ. 

” “რიგოლეტოს” არსებობა თეატრში დიდი გამარჯვებაა. სპექტაკლი მოითხოვს განსაკუთრებულ მთავარი როლის შემსრულებელს, რიგოლეტოს. რაც ძალიან იშვიათობაა დღევანდელ მსოფლიო პრაქტიკაში. ვცდილობთ, საქართველოს საამაყო შვილები ყოველთვის მოვიწვიოთ. პრემიერის შემდეგ უკვე მესამე სპექტაკლია. ვერ ვუშვებთ ინტენსიურად ამ სპექტაკლს რიგოლეტოს როლის შემსრულებლის გამო. მაგრამ ვახერხებთ მოწვევას და ამჯერადაც ბაჩუკი ნაკაშიძე მოვიწვიეთ, რომელიც არის ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დაისი სოლისტი. ის ჩვენთანაც მუშაობდა როგორც სოლისტი. აქ აიდგა ფეხი თუ შეიძლება ითქვას და მე გავუკეთე შეთავაზება, რომ ჩამოსულიყო და ემღერა ქუთაისელი მსმენელისთვის. ის დაგვთანხმდა და აღსანიშნავია, რომ ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდა. ბაჩუკი ძალიან საინტერესო მომღერალია. ასევე ნინო ჩაჩუა, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. ის ჯილდას პარტიას ასრულებდა  სანამ თბილისის თეატრი რემონტში გავიდოდა. პირველი გამოსვლა აქვს ახლა ჩვენთან. ვცდილობთ, ახალ-ახალი სახეები შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. თეატრს აცოცხლებს სიახლე, ახალი მსახიობი. მოხარული ვარ, რომ ეს ადამიანები ყველა გვერდით მიდგას უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით. “- აღნიშნა რევაზ ჯავახიშვილმა.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ოპერის მოყვარულებს და განსაკუთრებით მათ ვისაც ვერდის შემოქმედება უყვარს სამომავლოდ კიდევ ერთ საოპერო ზეიმს ჰპირდება. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა განუცხადა, “რიგოლეტოს” მეოთხე წარმოდგენაში ცნობილი, წარმატებული ბარიტონის ნიკოლოზ ლაგვილავას მოწვევაა დაგეგმილი. ის ევროპის თეატრებში წარმატებით მოღვაწეობს.

“ველოდები ნიკოლოზ ლაგვილავას ჩამოსვლას.  გარდა იმისა, რომ ის ჩემი პირადად ძალიან ახლო მეგობარია. არის ჩვენი თეატრის ძალიან დიდი გულშემატკივარი. მას ახლა არ სცალია. ევროპის თეატრებშია, ევროპაში ცხოვრობს, მაგრამ მაქვს სიტყვიერი დანაპირები, რომ როგრც კი ჩამოვა და დრო გამოუჩნდება ჩამოვა ჩვენთან. რიგოლეტოში ძალიან საინტერესო იქნება მისი ხილვა.”- განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.

“რიგოლეტოს” პრემიერა გასულ წელს 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *