ქუთაისის მერიის  კულტურის განყოფილების უფროსის

მოვალეობის შემსრულებელი თამთა თურმანიძე კაფე-კინო “ბრაზერსის” მეპატრონეს, ლევან ჭავჭანიძეს, სასამარლოში უჩივის. მიზეზი ქუთაისში გასამართი, დაანონსებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტვალი “თეთრი ხიდია”, რომელზეც პრეტენზიას კაფე-კინო “ბრაზერსის” მეპატრონე აცხადებს. ლევან ჭავჭანიძე ამბობს, რომ მერიის კულტურის განყოფილებამ მას პროექტი მოპარა, რომელიც მერიაში 2016 წელს შეიტანა. ლევან ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ფესტივალის ჩატარების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს, თუმცა მას როგორც აღმოჩნდა თამთა თურმანიძე დაასწრებს.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

“1) მერიაში ისევე, როგორც ნებისმიერ საჯარო სტრუქტურაში არსებობს ელექტრონული საქმეთაწარმოების სისტემა, შესაბამისად იქ ზუსტად ჩანს დოკუმენტის მოძრაობა, ვის დაეწერა და ვინ იყო პასუხისმგებელი მასზე. ის პროექტი რომელიც არა ლევან ჭავჭანიძის არამედ თორნიკე მჭედლიძის სახელით იყო შემოტანილი 2016 წლის 8 სექტემბერს ჩემამდე საერთოდ არ მოსულა დოკუმენტაციის სახით, რისი გადამოწმებაც ძალიან იოლია. მას მხოლოდ ეხლა გავეცანი და ვასაჯაროვებ კიდეც. თავის განცხადებებში ლევანი არაერთხელ ამბობს, რომ თითქოს თარიღიც კი ემთხვევა, (ტელეკომპანია “მეგა ტივის” სიუჟეტში პროექტის პირველ გვერდსაც ასაჯაროვებს, სადაც ღონისძიების გამართვის თარიღად 20-30 ნოემბერი წერია, რაც შეგიძლიათ შეადაროთ მერიაში რეალურად შემოსულ პროექტს) ამ დოკუმენტიდან კი ჩანს, რომ ისინი 1 -10 დეკემბერს გეგმავდნენ მის გამართვას. დანართი კი რომელიც განცხადებას თან ახლავს არ არის საპროექტო განაცხადი, ეს არის აქტივობების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნივერსალურია ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ღონისძიებისთვის და არა კონკრეტული პროგრამა და შესაბამისად არავითარ “მოსაპარ” ინფორმაციას არ შეიცავს. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვთავაზობ შეადაროს ამ ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი 16-19 ნოემბერს ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიების პროგრამას.

2) ერთადერთი და მთავარი უხერხულობა სახელის დამთხვევაა, თუმცა ამასაც აქვს თავისი მიზეზი, რადგან ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქუთაისელი ადამიანისთვის თეთრი ხიდი, პიკასოს ბიჭი და კინო ერთმანეთთან ასოცრიდებოდეს. ეს ყველაზე მარტივი და ლოგიკურია.

3) თუ ზოგადად ფესტივალის გამართვის იდეა მიაჩნია, რომ ექსკლუზიურად მას ეკუთვნის ქუთაისში, ამაშიც ვერ დავეთანხმები და მგონი ვერავინ შემედავება, რომ ერთ ქალაქში შეიძლება რამდენიმე ფესტივალი არსებობდეს და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის გაუჩნდება ეს იდეა პირველად. ან განა ასეთი გასაკვირია, რომ კინომცოდნეს საკუთარ ქალაქში კინოფესტივალის დაფუძნება უნდოდეს?

4) ეს არგუმენტი კი უკვე ბევრჯერ მოვიყვანე, რომ 2015 წელს კულტურის ბიუჯეტში უკვე იდო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც სამწუხაროდ არ განხორციელდა. ჩემი სიტყვების სიმართლის დასამტკიცებლად თან ვურთავ 2015 წლის ბიუჯეტს. არ განხორციელდა კი იმიტომ, რომ ფესტივალის ჩატარება, მით უმეტეს საერთაშორისო მასშტაბით, კინოსფეროს დიდ ცოდნას, გამოცდილებას, პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს და სერიოზული მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც შევხვდით ასეთი ენთუზიაზმით ეროვნული კინოცენტრის შემოთავაზებას ერთობლივი ღონისძიების შესახებ. მითუმეტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თავიდანვე კვლავ ჩაისვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
და რაც მთავარია მინდა ვუსურვო ქუთაისს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო კინოღონისძიების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ განვითარებას და ქუთაისს კინოს დაუბრუნებს. უბრალოდ ძალიან გულსაწყვეტია, რომ მარადიული ქართული “არა მე, არა ჩემიას” ძახილში ქალაქი კიდევ ერთ კარგ ღონისძიებას დაკარგავს ალბათ. ძალიან ვწუხვარ! ლევანს კი ველოდები სასამართლოში!”- წერს თამთა თურმანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაანონსება ქართული კინოს ფორუმის ფარგლებშია დაგეგმილი. კინოცენტრში აცხადებენ, რომ ისინი პასუხისმგებელნი ქართული კინოს ფორუმის ჩატარებაზე არიან, რაც შეეხება ფესტივალს, მხარს იმას დაუჭერენ ვინც მის ჩატარებას გადაწყვეტს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *