მესხიშვილის თეატრში პრემიერია გაიმართება. მაყურებელი საბავშვო ზღაპარს “წუნა და წრუწუნა” იხილავს.

ის მესხიშვილის თეატრისა და საბავშვო თეატრალური სტუდიის ერთობლივი ნამუშევარია.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, სპექტაკლი ექსპერიმენტული, სანახაობრივი და საინტერესოა.

“ეს არის ექსპერიმენტული სპექტაკლი, რადგან თეატრის ისტორიაში პირველად, აკადემიური თეატრი ერთობლივ სპექტაკლს აკეთებს საბავშვო თეატრალურ სტუდიასთან ერთად. პროექტი ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია ბავშვთა ინტეგრაცია თეატრალურ სივრცეში. ძალიან სარისკო პროექტია და ყველანი ძალიან ვღელავთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერიმენტი გაამართლებს,”-განაცხადა კოტე აბაშიძემ.

სპექტაკლის რეჟისორი ინგა მესხორაძეა, მუსიკალური გაფორმება გრიგოლ ჩიქოვანს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფები ლია მიროტაძე და გიორგი ქართველიშვილი არიან. სპექტაკლი ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგმება.

სპექტაკლზე მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საბავშვო თეატრალური სტუდიის ოცდაორი ბავშვია ჩართული.

“თეატრალური სტუდიის ოცდაორ ბავშვს აქვს პატივი, რომ მესხიშვილის თეატრის წამყვან მსახიობებთან ერთად ითამაშოს. ეს ზღაპარი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი,”-განაცხადა საბავშვო თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელმა ანა მესხორაძემ.

“წუნა და წრუწუნა” მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში ჩაისმება.

სპექტაკლი 2 და 3 მარტს, 17:00 საათზე ჩატარდება.

ბილეთები თეატრის სალაროსა და ბილეთები.ჯი-ზე იყიდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *