კულტურა
ქუთაისში კაუნასის დრამატული თეატრი სპექტაკლით "მახინჯი" ჩამოვა
ქუთაისს კაუნასის დრამატული თეატრის დასი ესტუმრება. თეატრალური დასი ქუთაისელ მაყურებელს თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, მარიუს ფონ მაინბურგის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს წარუდგენს. "მახინჯი" ერთმოქმედებიანი კომედიაა. სპექტაკლის ჩვენება 9 მაისს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის ეროვნული დრამატული თეატრის დასი მესხიშვილის თეატრს მემორანდუმის ფარგლებში ეწვევა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე ამბობს, იგეგმება საპასუხო ვიზიტებიც, რასაც აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს.

"მახინჯი"-ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც საკუთარი სახე დაკარგა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. გაორება, ნარცისიზმი, არასრულფასოვნების კომპლექსი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც სპექტაკლის მთავარ გმირს, ლეტეს აწუხებს. იგი ისევე იქცევა, როგორც მსგავსი კომპლექსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა. პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს და ამ ფორმით ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს. 

დამეგობრებულ თეატრებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისში უკვე იმყოფებოდა ბელორუსის დრამატული თეატრი. იგეგმება ერევნის თეატრის ვიზიტიც.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი
| Print |