ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. “კარკასი” პროექტზე სამუშაოდ ის შეარჩია. გივი გოგრიჭიანი ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე ჯერ კიდევ 80-იან წლებში მუშაობდა.

“1983-84 წლებში ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები დაეწყოთ. ამ პერიოდში ჩამოვედი ქუთაისში და ვხელმძღვანელობდი ისტორიული ქუთაისის აღდგენის საქმიანობას. მაშინ აქ ქუთაისზე შეყვარებული ადამიანები დამხვდნენ – პეტრე ჭაბუკიანი, მიხეილ ნიკოლეიშვილი და სხვები რომლებმაც შესანიშნავი რჩევები მომცეს, რომ უფრო კარგად დამენახა ქუთაისი. მაშინ საუბარი იყო, რომ რეაბილიტაცია დაწყებულიყო ცენტრალური ზონებიდან, მაგრამ ვთქვი, რომ შეცდომა იქნებოდა. ჩვენ, იმ პერიოდში ქუთაისში ამ საქმიანობის გამოცდილება არ გვქონდა და შეცდომას დავუშვებდით და ვურჩიე, რომ მოგვესინჯა საფიჩხიაზე, პატარა უბანში. მცირე მასშტაბით, მაგრამ კომპლექსურად განიხილებოდა იქ ეს ყველაფერი. წლების წინ რეაბილიტაცია იწყებოდა დღევანდელი ხარების ეკლესიიდან და მთავრდებოდა თეთრ ხიდამდე. იმ პერიოდში აქტუალურად იდგა ნამახვაჰესის აშენების საკითხი. ამიტომ საჭიროება დგებოდა შექმნილიყო სანაპიროები,  ანუ ის რაც შექმნილია ხარების ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს.”- იხსენებს არქიტექტორი.

80-იან წლებში ქუთაისში საპროექტო ჯგუფიც შეიქმნა. არქიტექტორები  საფიჩხიის პარალელურად რიონისპირა სახლების პროექტსაც ამუშავებდნენ, თუმცა პროექტი მოგვიანებით შეჩერდა.

“ადრე “ხიდმშენმა” და “მილსადენმშენმა” დაიწყეს რესტავრაცია, მაგრამ პოლიტიკური მოვლენების გამო  შეწყდა. განსაკუთრებით 90-იან წლებში ეს საკითხი აღარ იყო აქტუალური. მისასალმებელია, რომ ახლა ქალაქის ხელმძღვანელობამ ამ საკითხის დაძვრა მოინდომა. დღეს რიონისპირა სახლების ფუნდამენტალურად აღდგენის საკითხი დგას.”- ამბობს გოგრიჭიანი.

არქიტექტორის თქმით, ის რაც დაკარგა თბილისმა, ჯერ კიდევ აქვს ქუთაისს. გივი გოგრიჭიანი მდინარემდე მისასვლელს და ხიდებს ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს. ამბობს, რომ ხიდების გამაგრება აუცილებელია.

“თბილისმა მდინარესთან მისასვლელი დაკარგა, ძველი ხიდები დაკარგა. ქუთაისში ძველი ხიდები არსებობს, ძველი სახლების სტრუქტურა არსებობს. ეს ხიდები აღსადგენია. წითელი ხიდი, ჯაჭვის ხიდი, თეთრი ხიდი გასამაგრებელია. ჯაჭვის ხიდის ადგილზე მერვე საუკუნის ბურჯები დგას და ალბათ მიზანშეწონილია ის მერვე საუკუნის ბურჯები აღდგეს. დადგება საკითხი უქიმერიონის ციხის აღდგენისა და ეს მერვე საუკუნის ბურჯები უფრო უპასუხებს უფრო უძველეს და ისტორიულ ქალაქს. წითელ ხიდზე მოაჯირია შეცვლილი, თორემ ის პარიზიდან გრიგოლ ორბელიანის ჩამოტანილია, რომელიც დღეს არსებობს, მაგრამ ამას უნდა კონსტრუქციული გამაგრება. დღემდე ხიდების გადაღებვა და უფრო დეკორატიული თვალსაზრისით მოწყობა მიდის. ჩვენ გვგონია, რომ ეს ხიდები მაგრადაა, მაგრამ არ არის მაგრად. დასუსტებულია მისი კონსტრუქციული მხარე.”- ამბობს არქიტექტორი.

მისივე თქმით, ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ისეთივე ფუნდამენტურად უნდა მოხდეს, როგორც თბილისში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.

“იმ დონეზე და არანაკლებად უნდა მოხდეს აქ სამუშაოების ჩატარება. აქ შეიცვლება მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები. ღვარსადენები, საკანალიზაციო სისტემები, აღდგება სახლების იერსახე. სახლების რეაბილიტაცია დაიწყება წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე. დოკუმენტაციაში თეთრი ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე პროექტი იმიტომ წერია, რომ უნდა დაიგეგმოს საფეხმავლო მარშრუტი, სად იქნება ავტომობილების გაჩერება, როგორ მოხდება გადაადგილება, როგორ ჩართვება ეს ყველაფერი დღევანდელი ქუთაისის ტურისტულ მარშრუტში. თავიდან, როცა აქ ჩამოვედი 28 წლის ვიყავი. მაშინვე შემეძლო ამ საქმის გაკეთება, იმ ახალგაზრდობის პერიოდში , მაგრამ შეწყდა მუშაობა. ახლა 63 წლის ვარ, სულ არქიტექტურაში ვარ ეს წლებია. ვფიქრობ, ახლა მეტია შესაძლებლობა ეს პროექტი გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა.”- ამბობს გივი გოგრიჭიანი.

მისივე თქმით, მდინარე რიონსა და დავითი და კონსტანტინეს ქუჩას შორის საფეხმავლო ქუჩის მოწყობა  იგეგმება. ამ საფეხმავლო ქუჩით ახალი ქუთაისის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.

“მდინარესა და დავით და კონსტანტინეს ქუჩას შორის იგეგმება საფეხმავლო გზის გაკეთება. ქვემოთ საინტერესო სარდაფებია, რომლითაც ადამიანი სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება. ეს იმ დონეზე ჩავა, ადიდებული რიონის ყველაზე მაღალი წერტილი სადაც არის  და ამას მოაჯირებიც გაუკეთდება. ქუჩა იქნება ქვემოთ და სარდაფები იქნება ათვისებული. აქედან მივიღებთ სულ სხვა ხედებს, ჯერ რომ არავის უნახავს ისეთს. დავით და კონსტანტინეს ქუჩიდან ჩაწეული იქნება ქვემოთ.”- ამბობს არქიტექტორი.

გარდა ამისა სამუშაოები “მწვანე ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩატარდება. მისი აზრით, ამ ტერიტორიაზე შენობების ძველი ქსოვილი დაზიანებულია. ნაგებობების ნაწილი ისტორიული ქალაქისათვის შეუსაბამოა.

“ეს მწვანე და ისტორიული ბაზარი იყო. ეთნოგრაფიულად უნდა შეენარჩუნებინათ როგორც მცირე ბაზარი. ამ დროს იქ გაჩნდა ძალიან დიდი ნაგებობა, რომელიც არანაირ ანგარიშს არ უწევს ისტორიულ ქალაქს. ძველ განაშენიანებაშიც ახალი ნაგებობები გაჩნდა. შევეცდებით, რომ იერსახე ცოტათი შეიცვალოს. ყველა შენობა, რომელიც ისტორიულ ქალაქში აშენდება უნდა დაექვემდებაროს ისტორიულ ქალაქს.”- განაცახდა არქიტექტორმა.

გივი გოგრიჭიანი ამბობს, რომ ქუთაისის ისტორიული ნაწილის აღსადგენად მასთან ერთად ქალაქის გამოცდილი არქიტეტორები იმუშავებენ. ამას გარდა პროექტში ჩართვა ახალგაზრდებსაცშეეძლებათ.

“პროექტში დასაქმდება ყველა, ვინც კი ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. საუბარია პირველ რიგში არქიტექტორებზე, მათ აქვთ გამოცდილება. ერთ ჯგუფად ვიქნებით და მხოლოდ ის ადამიანი ჩაერთვება გარედან, რომელის სპეციალობაც გახდება საჭირო. სამწუხაროდ, ბევრი სპეციალისტი ქუთაისში ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ვინც არის ზოგი ასაკშია, მაგრამ გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, მათ გვერდით უნდა დასაქმდნენ ახალგაზრდა არქიტექტორები იმისათვის, რომ თავის ქალაქში ახალგაზრდა არქტეტორებმა ღვაწლი დადონ. სადაც ღვაწლს დადებენ, ის ქალაქი კიდევ უფრო ეყვარებათ. უნდა განახლდეს და ჩაოყალიბდეს ის სკოლა, რომელიც საკუთარ ქალაქს მიხედავს.”- ამბობს გივი გოგრიჭიანი.

შეგახსნებთ, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 2018 წლის ნომებერში უნდა გამოცხადებულყო.  22 ნოემბერს ქუთაისში რიონისპირა სახლები ფონდის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორმა მოინახულეს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30მარტის N3/133 ბრძანებით მდინარე რიონის ორივე ნაპირს “წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე”, ქალაქგეგმარებით სანაპიროს გაშენებას (საცხოვრებელი სტრუქტურა) მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *