გუშინდელი პროტესტის შემდეგ, მესხიშვილის თეატრში

მოსკოვის თეატრი დაგეგმილ კიდევ ერთ სპექტაკლს კვლავ ითამაშებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე ამბობს, რომ პროგრამაში ცვლილებები არ იგეგმება. კოტე აბაშიძე განმარტავს, რომ მოსკოვის თეატრის რეჟისორი მარკ როზოვსკი ოკუპაციის თემას გუშინ სცენიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის სირცხვილის გრძნობას განიცდის. აბაშიძე ამბობს, რომ მარკ როზოვსკი საქართველოს მეგობარია და მან 2008 წლის ომის შემდეგ თავის რეპერტუარში პროტესტის ნიშნად “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” შეიტანა.

“მარკ როზოვსკი არის საქართველოს დიდი მეგობარი. ეს არის კაცი, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ თავის რეპერტუარში პროტესტის ნიშნად შეიტანა და ჩაუშვა სპექტაკლი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. მან ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და იმ აგრესიის მიმართ, რაც 2008 წელს განხორციელდა. ეს არის კაცი, რომელმაც ყირიმის ანექსია ღიად გააპროტესტა. ეს არის კაცი, რომელიც მეგობრობდა ოთარ მეღვინეთუხუცესთან და  გურანდა გაბუნიასთან. ის იყო მასპინძელი, როდესაც ესენი მოსკოვში ჩადიოდნენ. ეს არის კაცი, რომელმაც დადგა ლუდმილა ულიცკაიას პიესა პირველმა და ერთადერთმა მოსკოვში. ეს არის პუტინის ნომერ პირველ მტრად გამოცხადებული მედიჩის პრემიის ლაურეატი, ნობელის პრემიაზე წარდგენილი დრამატურგი, რომლის პიესაც გუშინ ითამაშეს. ეს არის კაცი, რომელიც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის, ყველა იმ ფასეულობისათვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის საქართველოს დიდი მეგობარი. მიუხედევად იმისა, რომ დიდი სიძნელეები და უამრავი პრობლემა შეუქმნეს, მან თავისი ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გამოხატა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მტერ-მოყვარის გარჩევა ხომ უნდა ვიცოდეთ,”-ამბობს კოტე აბაშიძე. 

მესხიშვილის თეატრში განაცხადეს, რომ გუშინდელ სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთები არ გაყიდულა და დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი.

დღეს მოსკოვის თეატრმა “ჩვენი ეზოს სიმღერები” უნდა აჩვენოს.

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს წევრებმა გუშინ, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *