ქუთაისის ოპერის თეატრის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს დააჯილდოვებენ. დაჯილდოების ცერემონიალი

27 დეკემბერს, თეატრის 50 წლის იუბილეზე გაიმართება.

,,ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ. პირველ ,,აბესალომ და ეთერში” რომ მიიღეს მონაწილეობა და დღეს ისევ ჩვენთან არიან. მათ განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდებათ. ისინი არიან ჩვენი ისტორია. ზოგჯერ გვჭირდება დახმარება, როცა არ გვახსოვს რა იყო ადრე, ყველაფერს დეტალურად მოგიყვებიან სად რა იყო, როგორ.”- განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ.

ქუთაისის ოპერის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ,,თეატრალური საზოგადოება” და ქუთაისის ოპერის თეატრი დააჯილდოვებენ.

შეგახსნებთ, თეატრის 50-ე დაბადების დღეც პრემიერით აღინიშნება – ამ თარიღს მიეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “დაისის” ახალი დადგმა. სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“დაისის” დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა, დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობას მიიღებენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი
(ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

საპრემიერო სპექტაკლი 27 დეკემბერს 19 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *