ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო

თეატრის გახსნიდან 50 წელი შესრულდა. ორმოცდაათი წლის წინათ თეატრი ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერის” პრემიერით გაიხსნა.  თეატრის დაარსება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ მუსიკოსსა და მოღვაწეს, თეატრის პირველ ხელმძღვანელს თეიმურაზ კობახიძეს, ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის. 

ბოლო წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოხერხდა პრემიერებისთვის რეგულარული ხასიათის მიცემა. 2015 წლის ბოლოდან განხორციელდა შემდეგი ოპერების საპრემიერო და განახლებული დადგმები: ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”, ოთარ თაქთაქიშვილის “პირველი სიყვარული”, გიორგი ჩლაიძის “დარისპანის გასაჭირი”, ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა”, “რიგოლეტო”, პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსება”, სერგეი რახმანინოვის “ალეკო”.

წლევანდელი საიუბილეო წელი “ქეთო და კოტეს” პრემიერით გაიხსნა,  27 დეკემბერი – თეატრის 50-ე დაბადების დღეც პრემიერით აღინიშნება – ამ თარიღს მიეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “დაისის” ახალი დადგმა. 

“დაისი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. “დაისის” დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა, დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობას მიიღებენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი
(ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

საპრემიერო სპექტაკლი დღეს, 27 დეკემბერს 19 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *