ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი

მიტროპოლიტის მეუფე იოანეს განცხადებით, ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გთავაზობთ მეუფის განცხადებას:

,,მე ქუთაისში ახალი გადმოსული ვარ და შევიტყვე, რომ ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული “ქუთაისობა”, რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ქვია “გვირილობა”. მიხარია, რომ ერში ერთობა, ტრადიციული, სიყვარულით, წყალობით, გვერდში დგომით არის. დღეს ყველამ იცის, რა განსაცდელშია კაცობრიობა, მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველო და არის ასეთი თხოვნა ხელმძღვანელობისგან და ჩვენც ვიზიარებთ ამას, რომ ეს არის ზრუნვა ჩვენი უსაფრთხოებისათვის, რომ ამჯერად გაგებით მოეკიდოს ყველა მოქალაქე, რათა არ შეიქმნას ინფექციის გავრცელების საფრთხე, იყვნენ ოჯახებში და ლოცვითი სურვილი თანადგომის თქვან ღვთის წინაშე და ღვთის წინაშე არაფერი იკარგება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აღდგომას ტაძრებში ვიყავით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ფორმა და სახე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის ერთობის და თანადგომის, სიყვარულის და ურთიერთგაგების დღე არის. ამჯერად მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით. ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ!”- ნათქვამია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს განცხადებაში. 

2 მაისს “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია კორონავირუსის გამო წელს შეფერხდა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილია მხოლოდ რამდენიმე არამასშტაბური ღონისძიება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *