ქუთაისის პანტომიმის თეატრი 12 წლისაა. 12 წელია ახალგაზრდები საკუთარი ძალებით

ქმნიან სპექტალკებს ისე, რომ საკუთარი შენობა ჯერ ისევ არ გააჩნიათ. ,,ოიდიპოსი”, ,,მოცარტი და სალიერი”, ,,პანტომიმის ნოველები”, ,,9 აპრილი”, ,,ადამი და ევა” – ეს ის პექტაკლებია, რომელიც ქუთაისის პანტომიმის პროფესიულმა  თეატრმა ენთუზიაზმის ხარჯზე შექმნა და მაყურებლის ყურადღება მიიქცია. თეატრის ბედით მე-12 იუბილეზე  რადიო ,,ძველი ქალაქი” ისევ დაინტერესდა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბაქარ ბაქრაძეს ესაუბრა. 

– გავიხსენოთ პირველი სპექტაკლი, რომლითაც მაყურებელმა გაგიცნოთ და პირველი ემოციები როგორი იყო?

– 2008 ცელს 5 ივნისს პირველი სპექტაკლის  პრემიერა ვითამაშეთ. ეს იყო “ოიდიპოსი”, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა ერთობლივად დავდგით. ეს იყო ჩვენი მხრიდან ჩვენი ქალაქისთვის საჩუქარი. მაშინ თეატრის ჩამოყალიბებაზე არ გვიფიქრია. უბრალოდ მეგობრები, მსურველები შევიკრიბეთ და ვიმუშავეთ სპექტაკლზე. შემდეგ პრემიერაც შედგა. ემოციები იმდენად დადებითი იყო, რომ დაიბადა იდეა გაგვეგრძელებინა მუშაობა და თეატრი ჩამოგვეყალიბებინა. თან რამდენიმე თვეში მოწვევა მივიღეთ ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ჩავედით. იგივე განმეორდა მეორე წელსაც. 

– სად იკრიბებოდით, სად იქმნებოდა სპექტაკლები?

– ამ დროს სარეპეტიციოდ ვიკრიბებოდით თეატრის მოღვაწეთა კავშირის შენობაში. შემდეგი ,,სპექტაკლი იყო ,,მოცარტი და სალიერი”,  რომელიც სინთეზი უნდა ყოფილიყო ჩვენი და ოპერის თეატრის. სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა და მხოლოდ პანტომიმის თეატრის სპექტაკლად დარჩა. შემდეგ იყო ,,9 აპრილი” და ამავე დროს გვქონდა კანადის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან მოწვევა. სამწუხაროდ, ვერ იქ წავედით. შემდეგ სარეპეტიციოდ გადავედით მაშინდელ მოსწავლე-ახალგაზრდობი სასახლეში. შემდეგ ოპერის თეატრმა შეგვიფარა და დღესაც აქ ვართ. საოპერო დადგმებშიც ვღებულობთ მონაწილეობას და საქალაქო ღონისძიებებში. 

– როგორი თეატრი უნდა გქონოდათ წლების მერე? როგორ წარმოგედნინათ მაშინ, როცა პირველად გამოჩნდით?

– ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა სახელის დამკვიდრება და ამას წლები დასჭირდებოდა. მგონი გავართვით თავი და სახელიც მოვიპოვეთ. მაგრამ თეატრს საკუთარი შენობა სჭირდება და რათქმაუნდა დაფინანსება, ელემენტარული ანაზღაურება მსახიობებს.  მოგეხსენებათ დღემდე გამოდის, რომ ენთუზიაზმზე ვშრომობთ. 

– პრობლემების ფონზე, მთავარი მიღწევა რაც ამ პერიოდში გქონიათ…

– მთავარ მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ,  რომ დღეს ქალაქი გვიცნობს, საკუთარი მაყურებელი გვყავს მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლებს იშვიათად ვთამაშობთ. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, ასევე საქართველოს პანტომიმის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა.  დიდი პასუხისმგებლობა იყო  ჩემი მასწავლებლის, პანტომიმის ჟანრის დამაარსებლის, ამირან შალიკაშვილის წინაშე წარდგენა, ასევე ფესტივალს ესწრებოდა მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი. 

– კორონავირუსმა როგორ შეცვალა თქვენი გრაფიკი?​

-კორონა ვირუსმა მარტო ჩვენზე არა, მთელ მსოფლიოზე იმოქმედა და რათქმაუნდა რთულია შემოქმედი ადამიანისთვის უთეატრობა. რეპეტიციებისა და სპექტაკლების გარეშე ცხოვრება. 

– მთავარი სურვილი თეატრის იუბილესათვის….

– სურვილი ისევ ძველებურია. თეატრს საკუთარი შენობა ჰქონდეს და დაფნანსება, ანაზღაურება მსახიობებისთვის, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *