ქუთაისის მერია მზეჭაბუკის ძეგლს 9 აპრილის ქუჩაზე

დადგამს. “დიდების მემორიალის” ერთადერთი შემორჩენილი ფიგურა ახლა თბილისში, ძეგლის ავტორის, მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში ინახება. ძეგლის ქალაქში დაბრუნება და აღმართვა 98 699 ლარი ჯდება, რისთვისაც ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადდა. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანხაში ძეგლის რეაბილიტაციის, ტრანსპორტირების, აღმართვისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯები შედის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ამბობს, რომ როდესაც ძეგლი ავტორის სახელოსნოში გადაიტანეს, ბიუჯეტიდან მის აღდგენაზე გარკვეული თანხა გადაიხადეს და ძეგლი თავად ქუთაისის მერიის საკუთრებაა. თუ რაში იხდის მერია თანხას მეორედ მისთვის გაურკვეველია. 

“ქანდაკება არის მერიის საკუთრება და მისი გამოსყიდვა უცნაურიც არის. პანდემიის დროს, როდესაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის, სოციალური პროექტებისათვის თანხები არ ჰყოფნით, როდესაც ათიათასობით ადამიანი ფიქრობს როგორ გამოკვებოს შვილები, 100 000 ლარის დახარჯვა არის თანხის გაფლანგვა და ის არ ხმარდება ქუთაისელების საჭიროებებს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე ხელისუფლების არაადეკვატურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ბიუჯეტიდან თითოეული თეთრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

“ქვეყანა ჩაიკეტა, წინ კიდევ უფრო უარესი გაჭირვება გველოდება. ეს 100 000 ლარი, დროშის აღმართვაში გადაყრილი ფული მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება იმ რეალურ პრობლემებს, რაც ხალხს აწუხებს, ვერ გრძნობს. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული,”-ამბობს ირაკლი კიკვაძე. 

სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურას განვითარება სჭირდება, მაგრამ პანდემიის დროს მსგავსი ტიპის ხარჯი გაუმართლებელია.

“პანდემიის პირობებში მთელი რესურსები მიმართული უნდა იყოს როგორც ჯანდაცვის სერვისის, ასევე მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაძლიერებისკენ. არ ვიცი რამ გამოიწვია ახლა ამ პროექტის განხორციელება, შესაძლებელია ეს სხვა დროს გაკეთებულიყო, თუმცა, ამაზეც აზრთა სხვადასხვაობაა რამდენად უნდა ეს ძეგლი ქუთაისს,”-განაცხადა აკაკი საღინაძემ. 

მერაბ ბერძენიშვილის “მზეჭაბუკი” “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო და 2009 წელს მის აფეთქებამდე აიღეს. მის ადგილზე ქუთაისის პარლამენტის შენობა აშენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *