გელათის ტაძარზე დროებითი გადახურვის

მოწყობა დასრულდა. თუნუქის სახურავით მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დროებითი გადახურვა ტაძარს ზამთრის პერიოდში წყლის ჩადინებისაგან დაიცავს.

სააგენტოში ამბობენ, რომ სამუშაოები უკვე მომავალი წლიდან განახლდება. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შეისწავლიან გადახურვასა და კედლის მხატვრობაზე არსებულ პრობლემებს. ამის შემდეგ კი გამოსასწორებელი ღონისძიებები შემუშავდება. მანამდე კი გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა შენარჩუნდება. 

“მისი მოხსნისა და წუნდებული კრამიტის ტრადიციული წესით დამზადებული კრამიტით ჩანაცვლების ეტაპობრივი პროცესი გამოსასწორებელი ქმედებები განსაზღვრის პარალელურად წარიმართება,”-ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული სახურავის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

დროებითი გადახურვის მოწყობამდე გელათი ტენტით იყო დაფარული. ტენთით გადახურვის საჭიროება კი მას შემდეგ დადგა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან მალევე ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *