გელათის ტაძარში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი

ჩავიდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, რასაც სამუშაო პროცესის შეფერხების თავიდან აცილებით ხსნიან. უცნობია ექსპერტთა ვინაობა. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე. ტერიტორიაზე შესვლა ნებადართული არც მედიის წარმომადგენლებისთვისაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ ექსპერტები გელათში დილით ადრე, გასაიდუმლოებულად მიიყვანეს, შემდეგ კი სამონასტრო კომპლექსი სრულად დაკეტეს, რისი საჭიროებაც არ იდგა. მისივე თქმით, ტურისტებსა და მომლოცველებს უკან გაბრუნება უწევთ. ბარათაშვილი განმარტავს, რომ სამუშაო პროცესი ხარაჩოებზე მიმდინარეობს, რაც ტაძარში სრულად გადაადგილებას არ უნდა ზღუდავდეს და ეს შეიძლება სეგმენტურად მომხდარიყო. მისივე თქმით, პროცესის დრამატიზება, რომ იქ ვინმე ხელის შეშლას აპირებდა, უადგილოა.

“სამწუხაროდ, არ აპირებენ, რომ ექსპერტების ვინაობა დაასახელონ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რადგან იყო დათქმა, რომ ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ავტორიტეტულები და გამოცდილები, რომლებსაც ექნებოდათ საზოგადოების ნდობა. როგორ შეიძლება გქონდეს ექსპერტების ნდობა, რომელთა ვინაობა არ ვიცით. გვეუბნებიან, რომ თავიანთ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ და არც ვიცით რომელ ქვეყანაში, გამოგზავნიან დასკვნას. ეს არის უბრალოდ უპატივცემულობა საზოგადოების,”-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტები გელათში 30 ივნისამდე იმუშავებენ. მათივე ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი კედლის მხატვრობის დაზიანებისა და სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკას მოახდენს. გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა. 

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *