საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გამოჩენილი მომღერალი, საოპერო რეჟისორი, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი.

მისი ვიზიტისა და ინტერესის მთავარი ობიექტია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომელთანაც შესაძლოა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა დაიწყოს.

ბულგარელი მომღერლის (ბანი) ორლინ ანასტასოვის დებიუტი 20 წლის ასაკში შედგა რუსეს (ბულგარეთი) ოპერის სახელმწიფო თეატრში ვერდის „აიდაში“ ეგვიპტის ფარაონის როლით. საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ანასტასოვმა იმთავითვე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება.

1998 წელს მომღერალმა მოიპოვა ჰრისტო ბრამბოვის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია. მისი მზარდი საერთაშორისო კარიერის აღმავალობას დიდად შეუწყო ხელი 1999 წელს პლასიდო დომინგოს კონკურსში „OPERALIA”-ში გამარჯვებამ, რომლის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა 23 წლის მომღერალი. ამავე წელს შედგა ანასტასოვის დებიუტი მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დონიცეტის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს როლში.  შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარსდგა მომღერალი ამ თეატრის მსმენელთა წინაშე.

ორლინ ანასტასოვს, რომლის რეპერტუარი უზარმაზარი და ყოვლისმომცველია, მრავალჯერ აქვს ნამღერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში: ლონდონის „კოვენთ გარდენში“, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ვენის „შტაატსოპერაში“, პარიზის „გრანდ ოპერაში“, მადრიდის სამეფო ოპერაში, ლისაბონის „ლისეოში“, პალერმოს თეატრში „მასსიმო“, „არენა დი ვერონაში“ და ა.შ. ორლინ ანასტასოვს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ დიდ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ და არიან კოლინ დეივისი, ლორინ მააზელი, ჟორჟ პრეტრი, მარკ ელდერი, რიკარდო შაი, დანიელ ორენი, ცნობილ რეჟისორებთან უგი დე ანასთან, პიერ ლუიჯი პიცისთან, დევიდ მაკ-ვიკარასთან.

ბოლო წლებში ორლინ ანასტასოვი საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარსდგა საოპერო რეჟისორის ამპლუაში – 2019 წელს საერთაშორისო საოპერო ფესტივალის „არენა სოვერატო“-სთვის ანასტასოვმა დადგა პუჩინის „ტოსკა“, ეს წარმატებული საოპერო სპექტაკლი იქცა მის სარეჟისორო დებიუტად. მას შემდეგ მოუხდა სხავადასხვა ოპერების დადგმა ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, მალტაში, იაპონიაში. ორლინ ანასტასოვი შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად წარმატებით ეწევა პედაგოგიურ და საპროდიუსერო მოღვაწეობასაც. ორლინ ანასტასოვი ქუთაისის ოპერის თეატრში 10 და 11 ნოემბერს მოისმენს 2 სპექტაკლს – ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერი“ და პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებას“, რომლებსაც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *