ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ფილოლოგი მერაბ გვაზავა “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღი ქვეყანაში არ აღნიშნულა.
მისი თქმით, კლასიკოსი მწერლის ამ მნიშვნელოვან თარიღზე არც კულტურის სამინისტროს და არც მწერალთა გაერთიანებას არ უზრუნია.

ის ამბობს, რომ მწერლის საიუბილეო თარიღზე მწერალმა ლევან რატიშვილმა იზრუნა, რომლის ინიციატივითაც აღინიშნება ეს დღე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში. ხვალ კი ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო ღონისძიება ბათუმში ჩატარდება.

“18 ნოემბერს შესრულდა ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავი. ეს ძალიან დიდი თარიღია. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეს თარიღი არ აღინიშნა. კლასიკოსი მწერლის საიუბილეო თარიღი არც კულტურის სამინისტროს და არც მწერალთა გაერთიანებას არ აღუნიშნავს. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ თარიღზე იზრუნა, გახლავთ მწერალი ლევან რატიშვილი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ეს დღე ჯერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნა, შემდეგ კი ისევ მისი ინიციატივით, გასულ სამშაბათს გორში ჩატარდა ღონისძიება. დღეს, უკვე ქუთაისში ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკაში ტარდება. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს არის იუბილე ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებაზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში, – ამბობს მერაბ გვაზავა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას.

ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *