კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სამინისტროს განცხადებით, ბაგრატის ტაძარზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ასევე, ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

“ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული “აღდგენითი სამუშაოების” შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული “ცილისწამების” გავრცელება, მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული “სარესტავრაციო სამუშაოების” შედეგად ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს. 

“ვეხმიანებით რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.

მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული “სარესტავრაციო სამუშაოების” შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს”, — აცხადებს სამინისტრო.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია ბაგრატის ტაძარს, რომლის შედეგად ტაძარზე კვლევითი  და საპროექტო სამუშაოები დაიგეგმა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა. სწორედ ამის შემდეგ შედგება ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

ფოტო: მარიტა ტყეშელაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *