ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის კონსტრუქციას აწყობენ.

როგორც აიპ “ქუთგანათების სერვისის” დირექტორმა მალხაზ ბასილაძემ “ძველ ქალაქთან” საუბრისას თქვა, რამდენიმე დღეა, რაც ქუთაისში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოები დაიწყო. დღეს, კი ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის კონსტრუქციის დამონტაჟება მიმდინარეობს, რომლის დეკორაციებით გაწყობა სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დასრულდება. ამასთან, ქალაქის მასშტაბით, უკვე დაწყებულია დეკორატიული ილუმინაციების დამონტაჟება.

“რამდენიმე დღეა უკვე დაწყებულია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოები. ქალაქში განთავსებულ 9 უსაფრთხოების კუნძულზე დამონტაჟდა ნაძვის ხეები, რომელიც დღეს ან ხვალ განათდება. ასევე, ახალგაზრდობის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ნიკეას ქუჩიდან ახალგაზრდობის გამზირამდე, 9 აპრილის თაბუკაშვილის ქუჩაზე, ირაკლი აბაშიძის გამზირზე გარეგანათების ბოძებზე დამონტაჟდა დეკორატიული ილუმინაციები, რომლებიც ამ დღეებში
განათდება. თეთრ ხიდზე და ცისფერ ყანწელთა ქუჩაზე დამონტაჟდა ჭაღები. დღეს, კი დაიწყო ცენტრალური საახალწლო ნაძვის ხის კონსტრუქციის აწყობა, რომელიც ხვალ, სავარაუდოდ დასრულდება. რაც შეეხება ნაძვის ხის დეკორაციებს, დიზაინერები აკეთებბენ ახალ კონსტრუქციებს და ნაძვის ხის გაწყობა ამ კვირაში დასრულდება.”, “აიპ ქუთგანათების სერვისის” დირექტორი მალხაზ ბასილაძე.

ქუთაისის მერიას 2022 წლის ახალი წლისთვის 11 ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რომელთაგან უმეტესი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

ახალი წლის ღამეს, ქუთაისში გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.
მერია ღონისძიებაში 30 000 ლარს დახარჯავს.

31 დეკემბერს დაგეგმილია: ბერიკების თეატრალური წარმოდგენა, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით საბავშვო დადგმა, საცირკო წარმოდგენა ბავშვებისთვის, დრამერების შოუ-მსვლელობა, სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობა და გოზინაყის დამზადება. 7 იანვარს, შობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყობა.

საახალწლო დღეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.

ფოტო: მარიტა ტყეშელაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *