ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის მიერ შესრულებული სიმღერის ფონზე აინთო. ასევე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს: სალომე ბაკურაძემ, რატი დურგლიშვილმა, მაკა ზამბახიძემ, ელენე ფოჩხუამ და დათუნა მგელაძემ.

ღონისძიებაზე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილი მადლობა გადაუხადა ქუთაისელებს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებისთვის და ასევე სამადლობელი სიტყვა უთხრა  ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დიზაინერებს: ანა რევიშვილს, ანა ზღულაძეს და ნინო ჩხენკელს.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მომავალ  წელს, ქუთაისს ახალი ნაძვის ხე ექნება. 

"2022 წელი ქუთაისისთვის იქნება განვითარების, წინსვლის, უამრავი ახალი პროექტის და ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული წელი.
ჩვენ ყველა, ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის!
მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს, წარმატებული და ბედნიერი იყოს ახალი წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის! "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

,,ქუთაისი და მთლიანად იმერეთი ძალიან საინტერესო ღონისძიებებით ხვდება ახალ წელს, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, როგორიც შეიძლება ყოფილიყო პანდემიის გარეშე. ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები და ჩვენს მოსახლეობასაც მოვუწოდებთ, რომ ყველამ გამოიყენოს პირბადე, იმისთვის, რომ ახალ წელს რეალურად საზეიმო მდგომარეობა გვქონდეს და მივიღოთ ის ზეიმი რაც გვინდა, როგორც ქუთაისში ასევე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში“ - ზვიად შალამბერიძე.

საახალწლო ილუმინაციები რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა.
| Print |