ნუგეშა გაგნიძის ნაშრომი – „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“

მწერლის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის აქამდე უცნობ, ან ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს შეიცავს. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გერმანისტმა ნუგეშა გაგნიძემ მონოგრაფიაზე ევროპის ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო ცენტრებში, პირად კოლექციებსა და არქივებში თითქმის 10 წელი იმუშავა. მოპოვებულმა უნიკალურმა მასალამ მას საშუალება მისცა, აღედგინა გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი. გარდა ამისა, ნაშრომში მეცნიერულადაა გამოკვლეული მწერლის პუბლიცისტური და მხატვრული შემოქმედება, შედარებულია ტექსტების ვარიანტები, ობიექტურადაა შეფასებული ისინი იმ პერიოდის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში, თავად ავტორის მიერ თარგმნილია ბევრი საინტერესო გერმანულენოვანი ტექსტი…

15 იანვარს გამომცემლობა „არტანუჯმა“, სადაც გამოიცა ნუგეშა გაგნიძის მონოგრაფია, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ნაშრომი ფართო საზოგადოებას წარუდგინა. გამომცემლობის რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას აზრით, „ეს არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც მკითხველი როგორც მხატვრულ ლიტერატურას ისე წაიკითხავს და მასში მრავალ აღმოჩენას გააკეთებს“.

ნუგეშა გაგნიძის მიზანს წარმოადგენს მეცნიერ-მკვლევრებსა და მკითხველს წარმოუდგინოს რობაქიძის ცხოვრების საყურადღებო ეპიზოდები და მისი შემოქმედების სიღრმისეული ანალიზი. ის აღნიშნავს: „გრიგოლ რობაქიძე დიდი ხანია ჩემი ყურადღების ცენტრშია. პირველი მოხსენება მარადიული დაბრუნების იდეის შესახებ ნიცშესთან და რობაქიძესთან 2004 წელს წავიკითხე იტალიაში, მაჩერატას უნივერსიტეტში. ეს მოხსენება მალევე დაიბეჭდა იტალიაში. სხვადასხვა დროს გამოვაქვეყნე სტატიები და პუბლიკაციები ქართულ და გერმანულ ენებზე, რომლებშიც გამოვიკვლიე რობაქიძის შემოქმედების არა ერთი პრობლემური საკითხი. ხოლო 2011 წელს გერმანიაში დაიბეჭდა მარგრეტ შუხარდისა და ჩემი ერთობლივი მონოგრაფია. ჩემ მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ნაშრომი არსებითად განსხვავდება გერმანულენოვანი წიგნისგან როგორც პრობლემატიკით, ასევე სტრუქტურითა და მოცულობით“.

სამეცნიერო და, ამავდროულად, მხატვრული ელემენტების შემცველი მონოგრაფიის წარდგენას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიების პარტნიორი იყო „ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და მასთან არსებული „ქალთა კლუბი“, რომლის წევრიც არის ნუგეშა გაგნიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *