აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ნუგეშა გაგნიძე პრემია ,,საბას” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო კრიტიკა”.

წიგნი 500 გვერდამდეა და გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიას, პროზას, ლირიკას, პუბლიცისტიკას და შემოქმედების ანალიზს მოიცავს. ავტორი მასზე წლების განმავლობაში მუშაობდა.

,,ზოგადად, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა გავიგე, როცა გამარჯვების შესახებ გავიგე, ემოციები ვერ დავფარე. ლაურეატობას არ ველოდი. Ჩემთან ერთად აღნიშნულ ნომინაციაში კიდევ ოთხი ნომიმანტი იყო წარდგენილი, რომლებიც ანგარიშგასაწევი კრიტიკოსები და მწერლები არიან. დიდი კონკურენციის მიუხედავად, გავიმარჯვე. მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც წიგნი გულისყურით წაიკითხეს და მაღალი შეფასება მისცეს. ეს ჩემი შრომის დაფასებაა. ვიღებ უამრავ მოლოცვას, რაც ძალიან მახარებს. ძალიან სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ შენი წიგნი ბევრი ადამისთვის სიამოვნების მიმნიჭებელია,’’-ამბობს ნუგეშა გაგნიძე რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში.

,,ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე’’-ასე ეწოდება წიგნს, რომლითაც ნუგეშა გაგნიძემ არა მარტო ჟიურის წევრების, არამედ სხვა უამრავი ადამიანის გული მოიგო. ავტორის თქმით, წიგნის სახელწოდებას ორმაგი დატვირთვა აქვს:

,,პირველი – გრიგოლ რობაქიძე ცხოვრობდა ორ სამყაროში, საბჭოთა საქართველოში და ნაცისტურ გერმანიაში, მწერალი აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის აზროვნებდა, სამ ენაზე წერდა. მეორე- ინსპირაცია მისმა ერთ-ერთმა წერილმა მომცა, სადაც ნათქვამი აქვს, რომ მდინარეს ორი ნაპირი აქვს, მაგრამ მე მესამე უხილავ ნაპირზე ვდგავარო. ეს ფორმულირება ნათელი არაა, ამას მე პირადად გრიგოლ რობაქიძის უცნაურ პოეტურ სამყაროს ვუკავშირებ, მაგრამ ეს იძლევა იმპულსს ვიკვლიოთ გრიგოლ რობაქიძე როგორც ორ სამყაროს შორის მოქცეული შემოქმედი,’’-ამბობს ნუგეშა გაგნიძე.

იმავე წიგნისთვის ნუგეშა გაგნიძემ 2 თვის წინ გრიგოლ კიკნაძის პრემიაც მოიპოვა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *