CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც  რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ასახავს.

ტელეკომპანიას ხელში ჩაუვარდა კიევის გარეუბანში მდებარე ავტოსალონის სათვალთვალო კამერით 16 მარტს გადაღებული ჩანაწერი. მასში ჩანს, სავარაუდოდ, სალონის გაქურდვა მაშინ, როცა რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

დადგინდა დაღუპულების ვინაობა: ერთი მათგანი ავტოსალონის მფლობელია, რომლის სახელისა და გვარის დასახელება მის ოჯახს არ სურს, მეორე კი 68 წლის ლეონიდ პლიაცია, რომელიც ადგილზე დაცვის თანამშრომელი იყო.

სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, ხუთი რუსი სამხედრო, ავტოსალონის შენობაში შეღწევის მცდელობისას, როგორ ესვრის კლიტეებს და ამტვრევს ფანჯრებს. მათ ხელებაწეული უახლოვდება ორი მამაკაცი – სალონის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი. სამხედროები მათ ჩხრეკენ, ხანმოკლე დიალოგის შემდეგ კი მამაკაცები უკან გაბრუნდებიან.

ამ დროს ბრუნდება ორი სამხედრო და მამაკაცებს ზურგში ესვრის. ლეონიდ პლიაცი ფეხში დაიჭრა, მან მოახერხა დაცვის პუნქტამდე მისვლა და დახმარების გამოძახება, თუმცა მათ მისვლამდე სისხლდენის გამო გარდაიცვალა. ვიდეო 16 მარტსაა გადაღებული. 

 ტელეკომპანიამ კომენტარი სთხოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა უწყებამ ჟურნალისტების მიმართვა უპასუხოდ დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *