“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილი მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიების პირველი ნომრების

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ “ქართული ოცნების” 12 კანდიდატიდან 6 მათგანი ბიზნესკომპანიის მეწილე ან ხელმძღვანელია.

,,თანამდებობის პირებს, რომლებიც ამავდროულად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, არ ჰქონდათ დეკლარაციაში ასახული კონკრეტული ინფორმაცია მათი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ,”-აცხადებს ლელა მოწონელიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი.

კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატები: გიორგი ჭიღვარია (ქუთაისი), კახაბერ მახათაძე (ზესტაფონი), ბონდო სოფრომაძე (თერჯოლა), არჩილ გოქსაძე( ბაღდათი); ლადო ჯურხაძე(ხონი) ვალერიან ფოცხვერია (სამტრედია) ბიზნესკომპანიის მეწილეები ან ხელმძღვანელები არიან. ასევე, მსგავს თანამდებობებს იკავებენ ევროპული საქართველოს მერობის ერთი და “პატრიოტთა ალიანსის” სამი კანდიდატი.

რაც შეეხება სიის პირველ ნომრებად წარდგენილ კანდიდატებს, “ქართული ოცნებიდან” ნიკოლოზ ლატარია და მანანა ბარბაქაძე, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ბრეგაძე, პაატა ლეჟავა და მამუკა საღარეიშვილი არიან ბიზნეს კომპანიების მეწილე ან ხელმძღვანელები.

მოწონელიძის თქმით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან თუ კვლევაში წარმოდგენილი კანდიდატები თანამდებობებს დაიკავებენ მათ კანონით აღარ ექნებათ უფლება, უხელმძღვანელონ ბიზნესკომპანიებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *