არასამთავრო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

წინასაარჩევნო პერიოდზე, არჩევნების პირველ და მეორე ტურებზე რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეონა გოგიშვილმა ყურადღება საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა. მისივე თქმით, ცვლილებები კანონმდებლობაში არჩევნების დასრულების შემდგომ უნდა შევიდეს და არა წინასაარჩევნო პერიოდში. გოგიშვილის განმარტებით, არჩევნებზე წინა წლების მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა, მისივე თქმით, დარღვევათა მასშტაბები უფრო ნაკლები იყო.

“თითქმის ყველა ტიპის დარღვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლებში, თუმცა ნაკლებად მასშტაბური. განსხვავება იყო ის, რომ წელს კანდიდატებზე გავლენა ფარული ჩანაწერებით არ მოუხდენიათ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის, საეჭვო შემოწირულობების არსებობის ფაქტები კვლავ გამოვლინდა,”-განაცხადა გოგიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ მერობის კანდიდატების მოხსნას, გოგიშვილის აზრით, აღნიშნულ პროცესში თავად კანდიდატების აზრი ნაკლებად იყო გათვალისწინებული.

“სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურმა კოორდინატორმა არჩვენების დღეს გამოვლენილი დარღვევების შესახებაც ისაუბრა. გოგიშვილი აღნიშნავს, რომ წარწერები საარჩევნო უბნებთან, სააგიტაციო მოწოდებები და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების კომპეტენციის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეჯამებას გამოეხმაურა “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. წულაია მიიჩნევს, რომ არჩევნები სუსმა ჩაატარა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა კვლავ პრობლემად დარჩა.

“შენების მოძრაობის” წარმომადგენელი, ალუდა გოგლიჩიძე თვლის, რომ ქუთაისში არჩევნებმა მშვიდ, თუმცა არათანაბარ პირობებში ჩაიარა.

“არაჯანსაღი და არადემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ. დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,”-განაცხადა გოგლიჩიძემ.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ქუთაისში არჩევნების პირველ ტურზე 11, ხოლო მეორეზე 4 საჩივარი დაწერა. მათი ნაწილი საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *