“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის ახლადარჩეულ მერს საკუთარი ინიციატივები წარუდგინა.

ფრაქციის ლიდერი, გიგა შუშანია განმარტავს, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” რეკომენდაციები 2018 წლის ბიუჯეტში აისახება, ამით მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ფრაქციამ გიორგი ჭიღვარიას რეკომენდაციები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს გადაუგზავნა.

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივები შემდეგნაირია:

1. ყველა პენსიონერისათვის დამატებით 50 ლარიანი ვაუჩერის გაცემა მედიკამენტების შესაძენად;

2. ერთჯერადათ 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაცემა საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის;

3. წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პირველ წელს საპილოტედ შესაძლებელია გამოიყოს მინიმუმ 100 000 ლარი, რომელიც შემდეგ წლებში მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება;

4. სტუდენტური ტარიფის შემოღება ადგილობრივ ტრასპორტით მგზავრობაზე (ტარიფის განახევრება);

5. 400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს;

6. ყველა სკოლისთვის 50 000 ლარი, რომელსაც სკოლები გამოიყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ პედაგოგიური და მშობელთა საბჭოების გადაწყვეტილების მიხედვით.
აღნიშნული ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო იქნება ქალაქის ბიუჯეტში მაქსიმუმ 6,5 – 7 მლნ ლარის მობილიზება, რაც სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ამ ინიციატივების დაფინანსება სავსებით შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციული ხარჯების, პრემიების, დანამატების და კომფორტზე დახარჯული თანხების შემცირებით.

გიგა შუშანიას განმარტებით, აღნიშნული ინიციატივების განსახორციელებლად 6,5-7 მილიონი ლარი იქნება საჭირო. მისივე თქმით, საჭირო თანხების მობილიზება პრემიების, დანამატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით იქნება შესაძებელი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ფრაქცია ინიციატივების განხილვაში აქტიურად ჩაერთვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *