ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ არჩევნებიდან დღემდე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განვლილი პერიოდი შეაჯამა. შუშანიამ “ქართული ოცნების” ქმედებები განიხილა და ფრაქციის მიერ მმართველი გუნდისადმი შეთავაზებულ ინიციატივებზეც ისაუბრა.

ფრაქციის თავმჯდომარემ “ქართული ოცნების” მიერ ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდა, პრემიების გაცემა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის გაუქმება გააკრიტიკა.

“ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდის შედეგად 4 წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა 4 ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. დეკემბრის თვეში გაიცა 55 000 ლარის პრემია, რაც საკმარისი იქნებოდა, რომ იმ  ქუთაისელებს, რომლებიც გადაუხდელობის გამო უშუქოდ შეხვდნენ ახალ წელს, კომუნალური ვაუჩერები გადასცემოდათ . გარდა ამისა, უდიდესი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქში გაუქმდა კულტურის სამსახური,”-განაცხადა შუშანიამ.

გიგა შუშანიამ ფრაქციის მიერ შეთავაზებული ინიციატივებიც განმარტა:100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის; მედიკამენტების 50 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერისათვის; 50 000 ლარი ყველა სკოლას, უსაფრთხოების კამერების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის; 400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს; წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა; პარკირების გადასახადის განახევრება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, თანამოქალაქეების ინტერესების დაცვას ფრაქცია საკრებულოს სხდომების გარეთაც გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *