ქუთაისის მერია გარევაჭრობის

აღმკვეთი ღონისძიებების მეორე ეტაპს იწყებს. სამუშაო კვირის ბოლოდან, პარასკევიდან გარევაჭრობა ჭავჭავაძის გამზირზეც აიკრძალება. მოვაჭრეებს გაფრთხილებები წერილობითი ფორმით უკვე მიეცათ.

“გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო და მივიღეთ შედეგი, რომელსაც მოქალაქეები დადებითად შეხვდნენ. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, რათა ერთობლივად მოვახდინოთ გარევაჭრობის აკრძალვა. შედეგი არ იქნება ერთჯერადი, იქნება მუდმივი. ქუთაისში გარევაჭრობა არ უნდა იყოს,”-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

ჯავახიას თქმით, მოლაპარაკებები ბაზრების ხელმძღვანელებთან გარემოვაჭრეთათვის ფართის გამოყოფის შესახებ დასრულდა. შეთანხმების შედეგად, ნიკეას ბაზრობის ხელმძღვანელობა გარემოვაჭრეებს ფართს უსასყიდლოდ ორი თვით დაუთმობს, ხოლო ნინოშვილის ბაზრობის – განუსაზღვრელი ვადით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა ნებადართული არ არის ცენტრალური ბაზრის, ე.წ “პასაჟებისა” და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *