ოპოზიციის ბრალდებებს, შესაძლო კორუფციული გარიგებასა და ორმაისობის სავარაუდო

ჩაშლის შესახებ, ქუთაისის მერიაში უპასუხეს. როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსუდან ჩინჩალაძემ განმარტა, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადება აბსურდია და კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში არ იმყოფება.

“ტენდერი ჩატარდა კანონის მოთხოვნის სრული დაცვით. დავით გოგისვანიძის განცხადებაში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები. ეს მისი მხრიდან არის ძალიან მწვავე ბრალდება. “გვირილობის” ღონისძიებების ტენდერები არაერთხელ ჩაგვიტარებია. ტენდერი ყოველთვის შედგა და საფრთხის წინაშე არასოდეს დავმდგარვართ. ეს იყო დაფარული ტენდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ ვიცით ვინ დგას მონაწილე კომპანიების უკან. ამ პირობებში საერთოდ გამორიცხულია გაიგო ვინ იღებს მონაწილეობას, რამდენია დაინტერესებული და ვინ რა თანხას იხდის. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა დააკმაყოფილა. გოგისვანიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვინმეს ხელი შევუწყვეთ გამარჯვებაში არის აბსურდი. ყველაფერი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში არ იმყოფება”- განაცხადა ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორმაისობის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მერიამ ხელშეკრულება იმ ინდ. მეწარმეს გაუფორმა, რომელმაც საჩხერეში მოგებული ტენდერის დროს დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილება მისცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *