წყალტუბოში ახალი საპილოტე პროექტი, სამოქალაქო ბიუჯეტირება დაიწყება.

ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ეკუთვნის. ფრაქციის თავმჯდომარის ბადრი პაპავას განმარტებით, სამოქალაქო ბიუჯეტირების მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, თუ რა სჭირდება ქალაქს. პაპას თქმით, ადგილობრივებს ინოვაციური იდეების გამოთქმის საშუალებაც მიეცემათ.

“გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი, რაც თვითმმართველობას აქვს, არის სამოქალაქო ბიუჯეტირება. აღნიშნული ბიუჯეტის ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა. ასევე, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლისა და პასუხების გაცემის ეფექტური საშუალება. მოსახლეობამ შესაძლებელია გამოთქვას ინოვაციური იდეები, რომლებიც მომავალში მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება. გარდა ამისა, მოქალაქე თავად უნდა წყვეტდეს თუ რა სჭირდება მუნიციპალიტეტს,” – ამბობს ბადრი პაპავა.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის თქმით, 2019 წელს მოსახლეობა მათივე აქტიური ჩართულობით შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგებს ნახავს. 

“სამოქალაქო ბიუჯეტირების მეშვეობით, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ პრობლემებს და მივაღწევთ ყველაზე მთავარს – ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას,” – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეის პრეზენტაცია 10 მაისს არის ჩანიშნული. განხილვაში მონაწილეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *