“ხმას როგორც კი ამოიღებთ და აქციას გააკეთებთ ყველას დაგიჭერთო,”

-ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები მუქარის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც საცხოვრისში მყოფები აცხადებენ, მათ მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ საცხოვრებელს თავად ბენეფიციარები აზიანებდნენ.

“ჭერი ვარდება, კედლები დახსნილია, ლიფტი არ მუშაობს. ამბობენ, ხალხი აფუჭებსო. გვეუბნებიან, ლიფტსაც ძალით აზიანებთო. ძალით ჩავყრი ლიფტში ბოთლებს? ჭერზე ავხტები და ჩამოვაგდებ ჭერს?,”-განაცხადა სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარმა ინეზა სანიკიძემ.

ქუთაისის ვიცე-მერებისა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების შეხვედრას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიგა შუშანია ესწრებოდა.

“შეპირების თანახმად, იუზა უგულავა მერიის მხრიდან იქნება პიროვნება, რომელიც კომუნიკაციას განახორციელებს. ჯონი არაბიძე კი ჩამოცილდება ამ პროცესს- ბენეფიციარებმა მერიის მხრიდან ასეთი შეპირება მიიღეს. მერიის წარმომადგენლები მივლენ საცხოვრისში შემსრულებელ კომპანიასთან ერთად და თუ შემსრულებელმა უარი განაცხადა, საცხოვრისის უსაფრთხოებაზე მერია იზრუნებს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *