ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სარალიძის არც ერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

“ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიასა და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, რომელიც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში, პირველ რიგში, დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს,”-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ზეწოლაში დაადანაშაულა. სარალიძე აცხადებდა, რომ მისი ცოლის დის ოჯახში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ და ოჯახის ახლობლებს მისი მეუღლის გადაბირებასა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორებას სთხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *