ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ახალი განყოფილება შეიქნა.

აღნიშნულს ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილება ჰქვია და ის 5 კადრისაგან დაკომპლექტდება. 

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, განყოფილების შექმნის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას ზედამხედველობის დამატებითი ფუნქციები გადაეცა.

“თვითმმართველობას გარკვეული ფუნქციები გადმოეცა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. ზედამხედველობას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებების წარმომადგენლები ახორციელებდნენ, შესაბამისად, დადგა აუცილებლობა, უკვე მომატებული ფუნქციებით მომხდარიყო ახალი შტატების შემოყვანა,”-განაცხადა ჯავახიამ.

ახალი განყოფილება ხმაურთან დაკავშირებული კანონდარღვევების აღმოფხვრასა და რეალიზაციის დროს თამბაქოს პროდუქციის რეკლამის აკრძალვას გაუწევს ზედამხედველობას. 

ოპოზიციონერი დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ახალ განყოფილების შექმნა ხარჯებს გაზრდის, რასაც ზედამხედველობის სამსახურში უარყოფენ.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თანამშრომლების ანაზღაურება 550-650 ლარის ფარგლებში იქნება. კადრები კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

ახალი განყოფილება მონიტორინგს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე განახორციელებს, შესაძლოა, მუშაობის 24-საათიანი რეჟიმით გაგრძელებაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *