ქუთაისის საკრებულომ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის 6 თვის ანგარიში ჩაიბარა.

აღნიშნული სამსახურის უფროსის, იოსებ ჩიჯავაძის განმარტებით, მიმდინარე წელს სოციალურ საკითხთა სამსახური ოცდაორ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის 8 მოქალაქეთა მკურნალობაზე, ხოლო 14 სოციალური საკითხების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

“წელს 4 ახალი პროგრამა გვაქვს. გარდა ამისა, 9 300-მდე განცხადება შევიდა სამსახურში, რომელიც თორმეტმა სპეციალისტმა დაამუშავა. შეიძლება ითქვას, განცხადებების 90% დაკმაყოფილებულია. უფრო ხშირად მოგვმართეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მედიკამენტების შესაძენად,”-განაცხადა იოსებ ჩიჯავაძემ. 

სოციალური სამსახურის ანგარიში ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა შეაფასა. მეშველიანი თვლის, რომ სამსახურის წინაშე კვლავ ბევრი გამოწვევაა. 

“ბიუჯეტი არის მწირი, მოთხოვნა კი დიდია. ვერ ხერხდება ყველასთვის დახმარების გაწევა. სასურველია, სოციალური სამსახურის პროგრამების წარდგენა საზოგადოებაში უფრო გააქტიურდეს, რადგან არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ამ პროგრამებზე ინფორმაცია არ აქვთ,”-განაცხადა მეშველიანმა.

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ბიუჯეტი 3 015 400 ლარია, საიდანაც, 6 თვის განმავლობაში, 1 300 450 ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *