ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმედო ფონდ “ქუთაისის” საქმიანობით დაინტერესდებიან.

მონიტორინგის განსახორციელებლად მზაობა საია-მ და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოთქვეს. რაც შეეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკითხს მოიკვლევენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლისაკენ ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნული ფონდის შექმნა ქუთაისის მერიას დააბრალეს. საკითხმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციაში განაცხადეს, რომ შეიქმნა ე.წ პარტიული ყულაბა. ქუთაისის ვიცე-მერი საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის მერიასთან კავშირსა და მისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას უარყოფს.

“ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს. ვიქნებით ყურადღებით ფონდის საქმიანობისადმი და გამოვითხოვთ ინფორმაციას, თუ ვისზე გაიცემა დახმარებები. ფონდის საქმიანობით გავრცელებული პოლიტიკური განცხადებების გამო დავინტერესდით,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურმა კოორდინატორმა, თეონა გოგიშვილმა.

საქველმოქმედო ფონდი “ქუთაისი”-ს წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის. ფონდის დამფუძნებელი, ააიპ “ქუთაისის მადლიერების სახლი”-ს დირექტორთან ერთად, სამი პიროვნებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *