ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, შესაძლოა, “ევროპულმა საქართველომ” სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, საშტატო ნუსხა გამოითხოვეს და პასუხი ვერ მიიღეს.

“ვაკეთებთ ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგს. საკითხი ფინანსური ნაწილისა და  თანამშრომელთა რაოდენობის შესწავლას მოიცავს. გვჭირდებოდა მეოთხე პოლიკლინიკის საშტატო ნუსხა.  მერიაში მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას. ამიტომ, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” იმისათვის, რომ დავა გაგრძელდეს სასამართლოში,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

პოლიკლინიკის საქმიანობა ქუთაისის საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. მათ  კლინიკისათვის აპარატურის შეძენაც გააპროტესტეს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მერაბ მეშველიანმა განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, პოლიკლინიკის ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულს უარყოფენ უმრავლესობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *