გელათის მონასტრიდან საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო.

გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი ბილიკი 24,4 კმ სიგრძისაა.

ასევე, ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუკა.

აღნიშნული ბილიკი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები დაათვალიერა.

,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს, უნდა აღვნიშნო, რომ ამ მარშრუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდებმა გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია”–განაცხადა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით,  ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა, “საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის” პროგრამის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას”, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განახორციელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *