იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთა.

ტაბატაძემ განმარტა, რომ ის საკუთარი გამოცდილების რეგიონისათვის მოხმარებას გეგმავს.

“შევეცდები, რომ მთელი გამოცდილება ჩემს რეგიონს მოვახმარო. იმერეთის რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომიწია აქ მუშაობა. ისედაც იმერეთიდან ვარ. პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. არ აქვს მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანი შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია, ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ,”-განაცხადა ახალმა გუბერნატორმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, შავლეგო ტაბატაძეს კონკრეტული გეგმები ჯერ არ გაუსაჯაროვებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დღეს წარადგინა.

,,ის გახლავთ ერთ–ერთი გამორჩეული სამხედრო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში და გახლავთ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ამ მიმართულებით. მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებშიც არის საკმაოდ მაღალი. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის ადამიანს ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობა”–განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი ბოლოს გივი ჭიჭინაძეს ეკავა. ჭიჭინაძე მოვალეობისაგან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ის ვანისა და ხონის მაჟორიტარად აირჩიეს. ამ დრომდე კი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *