იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მივიდა. შავლეგ ტაბატაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა წარადგინა.

“იმერეთში შავლეგო ტაბატაძე წარვადგინეთ. ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურში 20 წელია და ემსახურება თავის სამშობლოს, საქართველოს. დღეიდან ის ამავე სამსახურს გააგრძელებს, როგორც სამოქალაქო პირი არანაკლებ მნიშვნელოვან პოსტზე,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა გუბერნატორის მთავარი დანიშნულებისა და მოვალეობების შესახებაც ისაუბრა. როგორც სუბარმა განმარტა, პრემიერ-მინისტრის განსაზღვრებით, გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალური ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, გუბერნატორი ადგილობრივ თვითმმართველობებს ერთმანეთთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან უნდა აკავშირებდეს.

პოლკოვნიკმა, შავლეგო ტაბატაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელი იმსახურა. სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე გუშინ წარადგინა.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი ბოლოს გივი ჭიჭინაძეს ეკავა. ჭიჭინაძე მოვალეობისაგან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ის ვანისა და ხონის მაჟორიტარად აირჩიეს. ამ დრომდე კი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *