იმერეთის ახალი გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ აანონსებს.

აღნიშნულის შესახებ ტაბატაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“დღესდღეობით არანაირ საკადრო ცვლილებას არ ვგეგმავ. დავაკვირდები თითოეული თანამშრომლის მუშაობას. ამის შემდეგ მოხდება ამ ყველაფრის შეფასება. შრომა ყველას დაუფასდება,”-განმარტა ახალმა გუბერნატორმა.

პირველ ეტაპზე, ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში ჩასვლას, თანამშრომლების გაცნობასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას გეგმავს.

“პირველ რიგში, შემოვივლი ყველა მუნიციპალიტეტს, გავეცნობი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ასევე, გავეცნობი ყველა თანამშრომელს. მათ აქ არ მოვიყვან, თავად მივალ თითოეულ მათგანთან. გავუკეთებ ამ ყველაფერს ანალიზს, ჩამოვაყალიბებ პრიორიტეტებს და დავიწყებთ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მივიდა. შავლეგ ტაბატაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა წარადგინა.

“იმერეთში შავლეგო ტაბატაძე წარვადგინეთ. ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურში 20 წელია და ემსახურება თავის სამშობლოს, საქართველოს. დღეიდან ის ამავე სამსახურს გააგრძელებს, ოღონდ როგორც სამოქალაქო პირი არანაკლებ მნიშვნელოვან პოსტზე,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოლკოვნიკმა, შავლეგო ტაბატაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელი იმსახურა. სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე გუშინ წარადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *