იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო.

გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე გუბერნატორმა და მერებმა ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს. განიხილეს ის პრობლემებიც, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს.

,,მე დავაანონსე, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მუნიციპალიტეტებში და ადგილზე გავეცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით დღეს დავიწყე შეხვედრები ზემო იმერეთიდან და შევხვდი როგორც მერებს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურების უფროსებს. მათთან ერთად დეტალურად გავიარე ყველა საკითხი და დავგეგმეთ სამომავლო პროექტები. ასეთ შეხვედრებს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარებ და მაქსიმალურად ჩავერთვები ყველა პრობლემა დროულად იქნას მოგვარებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმერეთის რეგიონის განვითარების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩავრთო მოსახლეობა და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,”- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

24 აგვისტოს გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულში და ზესტაფონში გეგმავს შეხვედრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *