ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.

აღნიშნულის თანახმად, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა 545 700 ლარით შემცირდა. როგორც მერიაში განმარტავენ, ცვლილება გამოყოფილი თანხებისა და ვაჭრობის შედეგად გაჩენილი ეკონომიების საფუძველზე განხორციელდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დამატებით 2 მილიონ 868 ათას 400 ლარი გამოიყო.

“აღნიშნული თანხით დაფინანსდება სამი ღონისძიება: ეს არის იაშვილის, დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემ.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მათი განმარტებით, თანხის გადმორიცხვა წინასაარჩევნო პერიოდში განხორცილდება და ის იმ კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება, რომელთა შეკეთება “ქართული ოცნების” წინაასარჩევნო დაპირებას წარმოადგენს.

“იაშვილის ქუჩაზე მერი ცხოვრობს და დაიგეგმა მისი რეაბილიტაცია, ბარათაშვილის ქუჩა კონკრეტული ადამიანების ინტერესია. რაც შეეხება დუმბაძის ქუჩას, ის ნინოშვიოლის კვეთამდე კეთდება. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ამ თემებზე მსჯელობა,”- განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.

ცვლილებების შემდეგ, ქუთაისის ბიუჯეტი 2 მილიონ 322 ათას 700 ლარით გაიზარდა და ჯამში 66 მილიონ 63 ათას 600 ლარი შეადგინა. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისისათვის 2018 წელს  სულ 10 მილიონ 800 000 ლარი გამოიყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *