კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს სხვადასხვა პარტიის წევრები შეუერთდნენ.

გაერთიანებაში პარტიის ლიდერები და აქტივისტები “ევროპული საქართველოდან” გადავიდნენ. ასევე, კოალიციას შეუერთდა “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის მენეჯერი. კოალიციაში ახალი წევრების მიღების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა პარტიიდან გადმოდიან. ჩვენ მათ განსაკუთრებულ ფინანსურ პირობებს ვერ ვთავაზობთ. იწყება პატრიოტების გაერთიანება, იწყება იმ ხალხის გაერთიანება, ვისაც ყელში ამოუვიდა ანგარიშსწორება, პროკურატურაში ტარება და წინა ხელისუფლების ლანძღვა,”-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებას ქუთაისიდან გია თევდორაძე, ამირან ხვადაგიანი, ანდრო მაღლაკელიძე, კახა ნემსიწვერიძე და სხვა ლიდერები შეუერთდნენ.

“რამდენიმე თვის უკან ავიღე პოლიტიკური ტაიმ-აუტი. დღეს მიმაჩნია, რომ უმოქმედობის დრო ნამდვილად არ არის. ქვეყნის წინაშე უმწვავესი პრობლემები დგას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხის წინაშეც კი ვდგავართ. იმ ადამიანებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მომავალი არის ერთიანობაში, მის ევროპულ მომავალში, კომპეტენციაში, პროფესიონალიზმში, დღეს მართებთ ყველანაირი უთანხმოებისა და აზრთა სხვადასხვაობის გადადება. მიმაჩნია, რომ კოალიცია არის ის მოძრაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთეს მომავალს შეუქმნის, ამიტომ მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, გია თევდორაძემ.

“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის მენეჯერის, ცირა ჯინჭარაძის თქმით, ის კოალიციაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გადავიდა.

“ბატონ გრიგოლ ვაშაძეს მხარს ღიად ვუჭერ. “ქართული ოცნებიდან” დიდი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ხალხს იმედები გაუცრუვდა, მათ შორის მეც. კოალიციას შევუერთდი ჩემი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. მე ვირჩევ ღირსეულ მომავალს,”-განაცხადა “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის მენეჯერმა, ცირა ჯინჭარაძემ.

“ძალა ერთობაშია” სულ 11 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *