გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია 140-მა წევრმა დატოვა, “ევროპულ საქართველოში” უარყოფენ.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ამირან ძოწენიძე აცხადებს, რომ რამდენიმე წევრი პარტიიდან 10 თვის წინ წავიდა. მისივე განმარტებით, სწორედ მათ შორის იყო გია თევდორაძეც, რომელმაც პარტიიდან წასვლა შიდა პრაიმერის ჩატარებამდე გადაწყვიტა.

“არ ვიცი ვის თვლიან 140 კაცში, მე ვიცნობ სულ რამდენიმე ადამიანს, ვინც პარტია დატოვა. მათ პარტია დატოვეს არა ახლა, არამედ შარშან, დეკემბერში. მათ პარტია დატოვეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ ორგანიზაციაში თავმჯდომარის არჩევნები გვქონდა. ორი კანდიდატი იყო, დავით გოგისვანიძე და გია თევდორაძე. გია თევდორაძემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, რომ ის იღებს ტაიმ აუტს და რამდენიმე დღის შემდეგ პარტიაც დატოვა. პარტია მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმაც დატოვა. 140-მა აქტივისტმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი სასურველი კანდიდატი როგორ ვერ გახადა. ძალიან უხერხულია, პარტიიდან 10 თვის წინ გახვიდე პარტიიდან და გამოაცხადო პარტია დღეს დატოვე,”-განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს სხვადასხვა პარტიის წევრები შეუერთდნენ. გაერთიანებაში პარტიის ლიდერები და აქტივისტები “ევროპული საქართველოდან” გადავიდნენ. ასევე, კოალიციას შეუერთდა “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის მენეჯერი. კოალიციაში ახალი წევრების მიღების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *