“ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,”- “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა,

ირაკლი კიკვაძემ შშმ პირთათვის განკუთვნილ პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება გააპროტესტა.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ბენეფიციარები ურეკში 10 დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ. მისივე თქმით, მერიამ პროგრამით მოსარგებლეებს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვა, რის შემდეგაც მათი რაოდენობა 400-დან 145-მდე შემცირდა. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრი განმარტავს, გასულ წლებში საჭირო იყო მხოლოდ ფორმა 100-ის წარდგენა, ხოლო წელს დაამატეს ახალი კრიტერიუმი-ბენეფიციარებს მოსთხოვეს სოციალური სტატუსი 150 000 ან 150 000-მდე ქულით.

“ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის მერია შშმ პირებისათვის პირობების გაუმჯობესებასა და დამატებითი ბარიერების მოხსნაზე ზრუნავდეს, ისინი იქცევიან საპირისპიროდ. აღნიშნული ცვლილება ბარიერი აღმოჩნდა პროგრამით მოსარგებლეებისათვის, ეს იყო ხრიკი. სტატუსის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება ან  შესაძლოა, ბენეფიციარმა ის საერთოდ ვერ მიიღოს,”-განაცხადა კიკვაძემ.

გიორგი კისკეიძე შშმ პირთათვის განკუთვნილ პროგრამაში 2007 წლიდანაა ჩართული. ცვლილებების შემდეგ კისკეიძე პროგრამის გარეთ დარჩა. მას პროგრამაში დაბრუნება კვლავ სურს.

“ურეკში ყოველ წელს დავდიოდით. წელს განგვიცხადეს, რომ საჭიროა რაღაც სტატუსი. სოციალურად დაუცველის სტატუსი არა მაქვს და მისი გაკეთება უაზრობა იქნება. ურეკში წასვლა ჩემი ჯანმრთელობისათვის საჭირო იყო,”-განაცხადა გიორგი კისკეიძემ.

კიკვაძის განმარტებით, პროგრამაში ბენეფიციარების რაოდენობის შემცირების მიზეზად მერია ბიუჯეტის სიმწირეს ასახელებს.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი პროგრამისათვის თავდაპირველი სახის მიცემასა და მასში 400-მდე ბენეფიციარის კვლავ ჩართვას ითხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *