მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

გიგა შუშანია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ქუთაისში არსებული ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის კოკა-კოლას მფლობელის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასათვის გადაცემას აპირებს. როგორც შუშანია განმარტავს, აღნიშნული შენობის გადაცემას ბიზნესმენი ერთი წელია ითხოვს, თუმცა, მან თანხმობა მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისათვის კომპანიის დირექტორმა თანხა გადაურიცხა. “ძალა ერთობაშია”-ს წევრი კორუფციული პროცესების გაგრძელებად ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ასახელებს, რომელიც ხვალ ჩაინიშნა. სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის საკუთრებაში, მუზეუმთან მდებარე მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემას უნდა უყარონ კენჭი.

ყოფილი მუზეუმის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხოლო მასთან არსებული მიწის ნაკვეთი ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის. 

“კოკა კოლა და თემურ ჭყონია შენობის გადაცემას ერთი წელია ითხოვს. “ქართული ოცნება” აჭიანურებდა ამ პროცესს. როგორც კი კოკა კოლას დირექტორმა 50 000 ლარი გადაურიცხა ზურაბიშვილს, დაიწყო ამ შენობის გადაცემის პროცესი. ეკონომიკის სამინისტრო აპირებს პირდაპირი წესით მისცეს თემურ ჭყონიას ეს შენობა. ქუთაისის საკრებულომ ხვალ ჩანიშნა რიგგარეშე სხდომა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხი იქნება გამოტანილი- შენობასთან არსებული მიწის გადაცემა ეკონომიკის სამინისტროსთვის,”-აცხადებს გიგა შუშანია. 

“ძალა ერთობაშია”-ს წევრი განმარტავს, რომ ბიზნესმენებს შენობებს საარჩევნო ყულაბების შევსების სანაცვლოდ არ უნდა აძლევდნენ. 

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ყველაზე მეტი თანხა კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ გადაურიცხა. შემოწირულობის ოდენობა 50,000 ლარია. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ “კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯიას” დირექტორის, ვახტანგ ლაღიძის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნოდ გაცემულ თანხასთან, კომპანიას კავშირი არ აქვს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *