ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში.

სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია უკლება და “ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა საღინაძე დაუპირისპირდნენ. გია უკლებას უმრავლესობის წევრმა სხდომის დაწყებამდე, ფოიეში სცემა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი, გია უკლება აცხადებს, დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დაიწყო და უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომაზე ყოფნის უფლებას არ აძლევდნენ. საქმის გარჩევამ ფოიეში ამის შემდეგ გადაინაცვლა. როგორც უკლება განმარტავს, დაპირისპირების მიზეზად მმართველი ძალა მის მიერ სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩეველზე დაწერილ პოსტს ასახელებს. უკლებას აზრით, აღნიშნული ოცნების წარმომადგენლების განაწყენების რეალური მიზეზი არ არის და რეალურად ჩხუბი ქალაქის მერის კრიტიკას მოჰყვა.

“დაპირისპირება დაიწყო იქედან, რო მითხრეს, თუ რა უფლებით მივედი სხდომაზე. სხდომის დაწყებამდე დაიწყო კონფლიქტი და ერთ დეპუტატთან ერთად გამოვედი გარეთ. მას 15-20 დეპუტატი გამოჰყვა. მე მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ბუნებრივია, ვერ იტყოდნენ იმას, რომ რეალური მიზეზი არის ქალაქის მერის კრიტიკა და დააბრალეს სალომე ზურაბიშვილზე დაწერილ პოსტს. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მე მიმაჩნია ქვეყნის ღალატად, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის მოღალატე. დავწერე ის, რასაც ათიათასობით ადამიანი წერს სოც. ქსელებში,”-განაცხადა გია უკლებამ.

“ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა საღინაძე ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

“საკრებულოს დეპუტატისაგან ოჯახის გინება რამდენადაა გამართლებული. მე მასზე ფიზიკურად არ მიძალადია. ძალადობა არ ყოფილა, გამოწვევა იყო,”-განაცხადა იმედა საღინაძემ.

ინციდენტის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ძალადობას ემიჯნება.

მოჰყვება თუ არა დღევანდელ ინციდენტს სამართლებრივი დავა უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *