ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური

დაპირისპირების ფაქტზე პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატები გამოკითხეს. დაკითხვიდან გამოსული “ნაციოანალური მოძრაობის” დეპუტატების თქმით, მათ პოლიციას მომხდარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ოპოზიცია ძალადობის მუხლის გარდა საქმეში კიდევ ერთი მუხლის დამატებას ითხოვს, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 

“იმ დროს გამიჭირდა თითოეულის აღდგენა ვინ იყო და რა იყო. პოლიციას აქვს კადრები. მათ შეუძლიათ გამოიტხოვონ ეს ყველაფერი და ამის დადგენა უმარტივესია. რაც შეეხება კონფლიქტის დაწყებას, მათი მთავარი პრეტენზია ჩემს მიმართ იყო პოლიტკური აქტივობის შეწყვეტა ქუთაისის საკრებულოში.”,- განაცხადა გია უკლებამ. 

რამდენი და რომელი დეპუტატები იყვენენ “ქართული ოცნებიდან” გამოკითხვაზე დაბარებული  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შსს-ში ადასტურებენ რომ გამოკითხვაზე გუშინ ღამით იმყოფებოდნენ. 

რადიო “ძველი ქალაქი” საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა გააკეთებენ თუ არა მმართველ გუნდში კომენტარს ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსნებთ, რომ გუშინ მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის გამო საზოგადოებას ბოდიში მედიისათვის გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ მოუხადა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *