"9 თვეა, ბიუჯეტში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის თანხა დევს, თუმცა, რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა"
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ბექა ყურაშვილს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ჩავარდნილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა", გიგა შუშანიამ განაცხადა, 9 თვეა, ბიუჯეტში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის თანხა დევს, თუმცა, პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. 

"ვფიქრობ, არასწორი პროექტირება ხდება საწყისს ეტაპზე. იმ ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისის მერიისათვის პროექტებს აკეთებს, გააჩნია უამრავი ხარვეზი და ქუთაისის მერია არ უნდა ყიდულობდეს მსგავსი ტიპის პროექტებს. როდესაც პროექტს ხარვეზებით იწყებ, მის დასრულებასაც პრობლემები ექნება. 9 თვეა, ბიუჯეტში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის თანხა დევს, თუმცა, რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ეს პროექტები დარჩა იდეების დონეზე და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა,"-განაცხადა შუშანიამ.

როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი აცხადებს, პროექტის შეფერხება კიბეებთან არსებულმა ტერიტორიამ გამოიწვია. ყურაშვილის თქმით, მიწის ორი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია და მერია მის გადმოცემას ელოდება.

"ველოდებით აღნიშნული ტერიტორიის გადმოცემას. როგორც კი მოხდება მისი გადმოცემა, ტენდერს მეორე დღესვე გამოვაცხადებთ,"-განაცხადა ყურაშვილმა. 

ასსაფეხურიანი კიბეს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა.
| Print |